ეპილეფსია

საიდან მოდის ღვთაებრივი დაავადება?

           ბნედა, მტერდაცემა, ავი ზნე ან, უბრალოდ, კრუნჩხვა – ასე უწოდებდნენ საქართველოში დაავადებას, რომელსაც დღეს ეპილეფსიის სახელით ვიცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ქართული სახელი აქვს, ეპილეფსია არამც და არამც არ გახლავთ მხოლოდ ქართველთა ხვედრი. მისი ფესვები ლამის მითოსურ ეპოქამდე აღწევს. ძველი ბერძნული მითის თანახმად, ჰერკულესი სწორედ ავი ზნით ყოფილა შეპყრობილი, ამიტომ ბერძნები ეპილეფსიას ჰერკულესის დაავადებას უწოდებენ. ჰიპოკრატე კი ამ სნეულებას ღვთაებრივ დაავადებად იხსენიებდა. მისი აზრით, ამ პათოლოგიით შეპყრობილი ღმერთების მიერ იყო დაღდასმული და წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ ხალხი ეპილეფსიის მიმართ გადაულახავ ძრწოლას განიცდიდა, ხოლო სნეულნი იდევნებოდნენ – ისინი ხომ გრძნეულებად და ჯადოქრებად იყვნენ შერაცხულნი!
             ეპილეფსიის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებშიც მოიპოვება. იგი ნახსენებია “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, შემდეგ – “უსწორო კარაბადინში”, სადაც მას მტერდაცემა ეწოდება, ბნედად კი XV-XVI საუკუნეებში იხსენიებენ, რაც იმ ეპოქის სამედიცინო სიტყვახმარებაში ცნობიერების დაკარგვას ნიშნავს.
           საუკუნეების განმავლობაში, გარდა სახელწოდებისა, ამ პათოლოგიის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლებოდა. დღეს ეპილეპტოლოგები ცდილობენ, დაავადება ჩრდილიდან გამოიყვანონ, საზოგადოებაში მის შესახებ მცდარი წარმოდგენები აღმოფხვრან და სწორი ინფორმაცია დაამკვიდრონ.
      “ღვთაებრივი დაავადებით” იყვნენ შეპყრობილნი სოკრატე, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ვალტერ სკოტი, ბაირონი, ჩარლზ დიკენსი, ლუის კეროლი, დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ვინსენტ ვან გოგი, ჰენდელი, პაგანინი, ჩაიკოვსკი, ბეთჰოვენი.

ჩრდილში მოქცეული დაავადება: 
        ეპილეფსიაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს, მაგალითად, ჰგონია, რომ გადამდებია ანდა გონებაჩლუნგობას იწვევს, სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ ეს დაავადება არც გადამდებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც უკურნებელი.
              რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ? რა იწვევს მას? რამდენად ეფექტურია ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანამედროვე მედიკამენტები. ნევროლოგიურ დაავადებებს შორის ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%, 40-50 მლნ ადამიანი, ამ სენით არის ავად. გამონაკლისს, ბუნებრივია, არც საქართველო წარმოადგენს _ ჩვენთან ავადობის საერთო მაჩვენებელი 0,6-1%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეპილეფსიით 30-40 ათასი კაცია დაავადებული, წლის განმავლობაში პირველად გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვით კი 100 000 კაცზე ეპილეფსიის 60-70 შემთხვევა მოდის ანუ ეს პათოლოგია ყოველწლიურად დაახლოებით 1500-2000 ადამიანს უვლინდება.


რას წარმოადგენს ეპილეფსია და რა იწვევს მას?
            ეპილეფსია გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის მთავარი ნიშანი გულყრაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გულყრა ყოველთვის არ არის ეპილეფსიის შედეგი. ის შეიძლება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგალითად, ალკოჰოლის გადაჩვევის მცდელობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჰორმონული ფონის ცვლილებას, მცირე ასაკის ბავშვებში სხეულის ტემპერატურის მატებას (ასეთი გულყრა ფებრილურის სახელით არის ცნობილი) უკავშირდებოდეს და ერთჯერადი იყოს.
        ეპილეფსია დაავადებაა, რომლის დროსაც ორი, ხოლო ზოგიერთი ავტორის მიხედვით – მეტი არაპროვოცირებული გულყრა 24-საათიანი შუალედით ვითარდება. თუკი ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში ერთი ან რამდენიმე გულყრა განუვითარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უთუოდ ეპილეფსია აქვს.

როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა გულყრა?
          ყველა სახის გულყრის დაწვრილებით აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არის ნიშნები, რომელთაც ავადმყოფის ახლობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და შემჩნევისას ექიმს მიმართონ. ბავშვებში ასეთი ნიშნებია მზერის გაშტერება, ცნობიერების წამიერი გამოთიშვა, რაც რეგულარულად ხდება, _ ასეთ მდგომარეობას აბსანსი ეწოდება (ინგლ. abcance – არყოფნა); მეტად საყურადღებოა სქესობრივი მომწიფების ასაკში უნებლიე შეკრთომის ეპიზოდები, რაც უპირატესად გაღვიძებისას იჩენს თავს. ასეთ შეკრთომებს თავიდანვე არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას და სპეციალისტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, რაც მოზარდს კრუნჩხვა განუვითარდება. 

შეიძლება თუ არა, გულყრის განვითარებას ხელი შეუწყოს კომპიუტერთან ან ტელეეკრანთან დიდხანს ჯდომამ?
           სავსებით შესაძლებელია. არსებობს რეფლექს-ეპილეფსიათა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთა დროსაც გულყრა გარკვეული ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება. ასეთი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს მხედველობითი სტიმული (ფოტოსენსიტიური ფაქტორი). ამის კვალობაზე, გამოვყოფთ ე.წ. კომპიუტერის, ტელევიზორის, დისკოთეკის ეპილეფსიებს. რეფლექს-ეპილეფსიების რიცხვშია ჭადრაკის, კითხვის, ცხელი წყლის ეპილეფსიებიც. ამგვარად, გულყრას მრავალი გამღიზიანებელი იწვევს: სმენითი, შეხებითი და ა.შ.


უპირატესად რომელ სქესს უვითარდება ეპილეფსია?
        ეპილეფსია ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება, თუმცა ზოგიერთი ავტორის მიხედვით, მამაკაცები უმნიშვნელოდ ლიდერობენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არსებობს სპეციფიკური სინდრომები, რომლებიც უპირატესად რომელიმე ერთი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ. ქალებში გამოყოფენ კატამენიალურ ეპილეფსიას, რომელიც მენსტრუაციული ციკლის დაწყებისას ვლინდება, ასევე – მენოპაუზის, ორსულობის ეპილეფსიებს. მათ ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.


შეიძლება თუ არა ეპილეფსიისგან განკურნება?
           ეპილეფსიები ორ დიდ ჯგუფად – ფოკალურ და გენერალიზებულ ფორმებად იყოფა. პირველ შემთხვევაში გულყრა თავის ტვინის რომელიმე უბანში აღმოცენდება, ამიტომ მას ლოკალიზაციადამოკიდებულ ეპილეფსიურ გულყრასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ უბანში ხდება გულყრის გენერაცია (შუბლისა, საფეთქლისა, თხემისა თუ კეფისა), გამოვლინებაც სხვადასხვაგვარია. რაც შეეხება აბსანსს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც მეტად საყურადღებოა, იგი არა თავის ტვინის ლოკალური უბნის, არამედ მთელი ამ ორგანოს, მისი ორივე ჰემისფეროს ნეირონთა ცვლილებით არის განპირობებული. 
      იმის გარჩევას, ფოკალურია ეპილეფსია თუ გენერალიზებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის, არამედ პროგნოზის თვალსაზრისითაც. 
       საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ გენერალიზებული ტიპის ეპილეფსიები კარგად ემორჩილება მკურნალობას და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება.
            ბავშვთა ასაკში მრავლად გვხვდება ეპილეფსიური სინდრომების ისეთი ფორმები, რომლებსაც კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ისინი მკურნალობას მეტწილად არც კი მოითხოვს. ასეთია, მაგალითად, ბავშვთა ასაკის აბსანს-ეპილეფსია, რომელიც უპირატესად 6-7 წლის ასაკში ცნობიერების ხშირი გამოთიშვით ვლინდება. ასეთ ფორმას, მკურნალობა ხშირად არც კი სჭირდება ანდა მედიკამენტი მცირე ხნით ინიშნება, ხოლო მისი მოხსნის შემდეგ გულყრის ხელახალი განვითარების ალბათობა ძალიან მცირეა. 
         ფოკალური ეპილეფსიები უფრო რთული სამკურნალოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულყრას თავის ტვინის ლოკალური ორგანული დაზიანება იწვევს.
            ფოკალური ეპილეფსია წარმოშობის მიხედვით ორგვარია: სიმპტომური, რომელსაც რომელიმე ორგანული პათოლოგია (მაგალითად, სიმსივნური პროცესი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ა.შ.) იწვევს, და პირობითად სიმპტომური (კრიპტოგენური). ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოკვლევები ორგანულ დაზიანებას არ ავლენს.
          აღსანიშნავია, რომ კრიპტოგენური ფორმა უფრო უკეთ ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სიმპტომური. მიიჩნევა, რომ ადეკვატური მკურნალობის შედეგად ორივე ვარიანტის განკურნების შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი 70-80%-ია. დანარჩენი 20% მოდის რეზისტენტულ (იმავე რეფრაქტერულ) გულყრებზე, რომლებზეც მედიკამენტი არ მოქმედებს. საბედნიეროდ, უკვე არსებობს ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, რომლებიც ამ 20%-იდანაც დაახლოებით10%-ში იძლევა შედეგს.



  

არსებობს თუ არა, გარდა მედიკამენტურისა, მკურნალობის რაიმე მეთოდი? 
          საზღვარგარეთ ეპილეფსიას ნეიროქირურგიული მეთოდითაც მკურნალობენ, რაც ზოგჯერ, განსაკუთრებით საფეთქლის ეპილეფსიის დროს, ძალზე ეფექტური გახლავთ.






რომელ გამოკვლევათა საფუძველზე სვამენ დიაგნოზს?
         ყველაზე მეტ ინფორმაციას ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გვაწვდის, რომელიც ჯერ კიდევ 1929 წელს აღმოაჩინეს, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ: შეიძლება, ადამიანს ეპილეფსია კი არ ჰქონდეს, არამედ ფსიქოგენური შეტევა ან სინკოპე (გულისწასვლის შეტევები) აღენიშნებოდეს, მაგრამ ეეგ-ზე ცვლილებები მაინც აისახოს, რაც, ცხადია, დიაგნოზის დასმაში ხელს გვიშლის. ისიც შეიძლება (და ხდება კიდეც ასიდან დაახლოებით 30 შემთხვევაში), რომ ადამიანს ერთდროულად ეპილეფსიური და არაეპილეფსიური (მაგალითად, ფსიქოგენური) შეტევები ემართებოდეს. ასეთი რამ უპირატესად ქალბატონებს შორის გვხვდება. თუ ამ თავისებურებას ვერ აღმოვაჩენთ, შეიძლება, მკურნალობა არასწორად წარიმართოს და პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს. ეს მხოლოდდამხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუკი სპეციალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ ეპილეფსიურ დაავადებასთან აქვს საქმე. ეს კვლევა საჭიროა იმის დასადგენად, ფოკალურია თუ გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევა და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად. გარდა ამისა, როდესაც ადამიანს პირველად ემართება გულყრა, ეეგ-ს დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი განმეორების რისკი. თუ ის მცირეა, ანტიეპილეფსიური მკურნალობა შეიძლება არც კი დაენიშნოს.

 რამდენად ეფექტურია თანამედროვე ანტიეპილეფსიური მედიკამენტები? 
       თანამედროვე მედიკამენტებით ეპილეფსიის მკურნალობა ძალზე შედეგიანია. ხალხში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ეპილეფსია განუკურნებელი სენია. ეპილეფსია იკურნება! განკურნება კი მედიკამენტების მიღების ფონზე გულყრის არარსებობას ნიშნავს.

sisi.ge