Thursday, June 23, 2011

მედეა და მედიცინა


         მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
        მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.
           დიდია მედეას მორალური როლი მედიცისნის ისტორიაში. სწავლულთა დასკვნით, ის ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრადაც ითვლება. მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდება. ის რომ მედიცინის ერთ-ერთი დასაბამია, მეცნიერება აღიარებს და ამას ადასტურებს თუნდაც გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა. მისი განთქმული მედიცინის პრაგმატული ისტორიის ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე (რ.კუპცისი მათ უმატებს ხუთ მცენარეს). რომაელები ამ მცენარეებს უძველესი დროიდან იცნობენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მედიცინის სახელიც ჰეკატეს ჯადოქარი ასულის სახელიდან დაემკვიდრებინათ. აღმოსავლეთის მითსა და სინამდვილეს ბერძენთა მეშვეობითაც უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. შრენგელი წერს ჰეკატეს ბაღზე, რაც მერე მედეამ განავრცო.
        მედეამ დაამზადა მალამო, რამაც იასონს ძალა და მხნეობა შეჰმატა, ეს იყო ზეითუნის ზეთში გაზავებული, არა ჯადოსნური, არამედ, რაღაც ნამდვილი წამალი (პინდარეს ცნობიდან). ასეთ თუ სხვაგვარ ზეთს თითონაც იცხებს ნამტირალევ სახეზე, ეს ზეთი ნექტარივით ტკბილია და სახეს ფერს უბრუნებს. სამკურნალო ზეთის ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის, მიეწერება მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას, აიას (ეას) მეფის ასულს. ფაქტი ახსნას არც საჭიროებს: ეა, აია, შუმერთა ქალღმერთი სახელს აძლევს კოლხეთს, არის აქ რაღაც საერთო. რაც შეეხება ტკბილ ზეთს, ლექსიკოგრაფი სვიდაც მედეას სახელს უკავშირებს.
           მედეა შვიდგზის მოუხმობს ჰეკატეს, გამზრდელს და ალბათ დედას, ისე ამზადებს წამალს. ამ წამლებით მუდამ შველოდა უცხოელებს, ძალა შეჰმატა იასონს, დააძინა გველეშაპი (შეულოცა, უმღერა ან რტოთი მიასხურა წამალი), არასოდეს არ გამოუყენებია ადამიანთა საზიანოდ, მხოლოდ პელიასი მოკლა როგორც უსამართლო ტირანი, მოძალადე, ქმრის დედ-მამის დამღუპველი, ტახტის მიმტაცებელი და იასონის მტანჯველი, ხოლო კრეუსა, როგორც საშიში მეტოქე. ბერძენი და რომაელი მწერლები ერთხმად ლაპარაკობენ მედეას მაღალ ხელოვნებაზე, მის ძალასა და სიკეთეზე, რისთვისაც ტაძრები აუგეს. შურისმაძიებელი გახდა მას მერე, რაც გაამწარეს. დიოდორე სიცილიელი მითს ავსებს. არგონავტების ლაშქრობიდან დაბრუნებულ იასონს მედეამ აღუთქვა, შენი ოჯახის ამკლებ პელიასს მოვკლავო. არტემიდეს ქანდაკება დაამზადა, ამოღარა, წამლები ჩაასხა. თითონაც წამლით სახე დაინაოჭა, პელიასის სასახლეში ბებერი ჯადოქრის სახით შეაღწია (არ ენდობოდნენ), მეფის ასულები დაარწმუნა, კეთილისმყოფელი ქალღმერთი ვარო, დასამტკიცებლად წამლები ჩამოირეცხა, კვლავ დამშვენდა. შემდეგ ბებერი ცხვარი დაკლა, მდუღარეში ჩააგდო, ბატკანი ამოიყვანა. ამით დაჯერებულმა ქალიშვილებმა ნება მისცეს, რომ მამა გაახალგაზრდავების მიზნით დაეკეპა. შემდეგ კი მან გაცოცხლება აღარ ინება (დიოდორე სიცილიელი, ბიბლიოთეკა 50-51). დღეს უდავოდ დამტკიცებულია შუმერული მითის, კულტურის, რიტუალის სამედიცინო, რელიგიური ტერმინების კავშირი ძველ კოლხურ-იბერიულთან, კერძოდ, ამ უძველეს მედიცინასთან, რასაც მეცნიერება უწოდებს კურა მედიანას - მედეას მკურნალობას.





ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment