Thursday, June 23, 2011

მედიცინის დარგები

ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად
გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას
გინეკოლოგი - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს
დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს
ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს
ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს
იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს
კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავდებებს
ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას
ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას
ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს
ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს
ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას
ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას
ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს
ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს
პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს
პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს
საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურეობას და მათი მომსახურეობის მეთოდებს
სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს
სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს
ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე
ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას
ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ
ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე
ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია
ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს
ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს
ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიურ დაავადებებს და მათ მკურნალობას
ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას
ფუნდამენტური მედიცინა - ???
ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს
ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას

wikipedia.org

მედეა და მედიცინა


         მედეა — ბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
        მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.
           დიდია მედეას მორალური როლი მედიცისნის ისტორიაში. სწავლულთა დასკვნით, ის ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრადაც ითვლება. მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდება. ის რომ მედიცინის ერთ-ერთი დასაბამია, მეცნიერება აღიარებს და ამას ადასტურებს თუნდაც გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა. მისი განთქმული მედიცინის პრაგმატული ისტორიის ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე (რ.კუპცისი მათ უმატებს ხუთ მცენარეს). რომაელები ამ მცენარეებს უძველესი დროიდან იცნობენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მედიცინის სახელიც ჰეკატეს ჯადოქარი ასულის სახელიდან დაემკვიდრებინათ. აღმოსავლეთის მითსა და სინამდვილეს ბერძენთა მეშვეობითაც უხსოვარი დროიდან იცნობდნენ. შრენგელი წერს ჰეკატეს ბაღზე, რაც მერე მედეამ განავრცო.
        მედეამ დაამზადა მალამო, რამაც იასონს ძალა და მხნეობა შეჰმატა, ეს იყო ზეითუნის ზეთში გაზავებული, არა ჯადოსნური, არამედ, რაღაც ნამდვილი წამალი (პინდარეს ცნობიდან). ასეთ თუ სხვაგვარ ზეთს თითონაც იცხებს ნამტირალევ სახეზე, ეს ზეთი ნექტარივით ტკბილია და სახეს ფერს უბრუნებს. სამკურნალო ზეთის ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის, მიეწერება მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას, აიას (ეას) მეფის ასულს. ფაქტი ახსნას არც საჭიროებს: ეა, აია, შუმერთა ქალღმერთი სახელს აძლევს კოლხეთს, არის აქ რაღაც საერთო. რაც შეეხება ტკბილ ზეთს, ლექსიკოგრაფი სვიდაც მედეას სახელს უკავშირებს.
           მედეა შვიდგზის მოუხმობს ჰეკატეს, გამზრდელს და ალბათ დედას, ისე ამზადებს წამალს. ამ წამლებით მუდამ შველოდა უცხოელებს, ძალა შეჰმატა იასონს, დააძინა გველეშაპი (შეულოცა, უმღერა ან რტოთი მიასხურა წამალი), არასოდეს არ გამოუყენებია ადამიანთა საზიანოდ, მხოლოდ პელიასი მოკლა როგორც უსამართლო ტირანი, მოძალადე, ქმრის დედ-მამის დამღუპველი, ტახტის მიმტაცებელი და იასონის მტანჯველი, ხოლო კრეუსა, როგორც საშიში მეტოქე. ბერძენი და რომაელი მწერლები ერთხმად ლაპარაკობენ მედეას მაღალ ხელოვნებაზე, მის ძალასა და სიკეთეზე, რისთვისაც ტაძრები აუგეს. შურისმაძიებელი გახდა მას მერე, რაც გაამწარეს. დიოდორე სიცილიელი მითს ავსებს. არგონავტების ლაშქრობიდან დაბრუნებულ იასონს მედეამ აღუთქვა, შენი ოჯახის ამკლებ პელიასს მოვკლავო. არტემიდეს ქანდაკება დაამზადა, ამოღარა, წამლები ჩაასხა. თითონაც წამლით სახე დაინაოჭა, პელიასის სასახლეში ბებერი ჯადოქრის სახით შეაღწია (არ ენდობოდნენ), მეფის ასულები დაარწმუნა, კეთილისმყოფელი ქალღმერთი ვარო, დასამტკიცებლად წამლები ჩამოირეცხა, კვლავ დამშვენდა. შემდეგ ბებერი ცხვარი დაკლა, მდუღარეში ჩააგდო, ბატკანი ამოიყვანა. ამით დაჯერებულმა ქალიშვილებმა ნება მისცეს, რომ მამა გაახალგაზრდავების მიზნით დაეკეპა. შემდეგ კი მან გაცოცხლება აღარ ინება (დიოდორე სიცილიელი, ბიბლიოთეკა 50-51). დღეს უდავოდ დამტკიცებულია შუმერული მითის, კულტურის, რიტუალის სამედიცინო, რელიგიური ტერმინების კავშირი ძველ კოლხურ-იბერიულთან, კერძოდ, ამ უძველეს მედიცინასთან, რასაც მეცნიერება უწოდებს კურა მედიანას - მედეას მკურნალობას.





ka.wikipedia.org

ჰიპოკრატეს ფიცი

ჰიპოკრატეს ფიცი

       “ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეებათ ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება:
        1)ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საწიროებისას შევეწიო გასაჭირში;
        2) მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე;
        3) რჩევა დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემს ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.
        4) ჩემი ძალ ღონისა და მიხედულობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას.
        5) არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა;
        6) ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი.
        7) სპეტაკად და უმწიკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება. რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებლობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ.
        8) ოდეს მკურნალობის ჟამს – ან თუ სხვა დროს – ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი.
        9) და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსა ხელოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე”

interesi.wordpress.com


Thursday, June 9, 2011

"მედიცინის მამა"

                                                                       
         ჰიპოკრატე  — ძველი საბერძნეთის ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი.                                                                   ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია მამამისი - ჰერაკლიდე; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე საცხოვრებლად ათენში გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის - პერიოდევტის საქმიანობას. ბევრი იმოგზაურა საბერძნეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის ისტორია); შექმნა მოძღვრება პროგნოსტიკაზე, რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების წესები, მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და სხვა.
       ჰიპოკრატეს და მისი მიმდევრების შრომებში (ჰიპოკრატეს კრებული) საოცარი სიზუსტით არის აღწერილი სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა, მკურნალობის წესები, მსჯელობაა ეპიდემიების, ეპილეფსიის, ცხელების შესახებ და სხვა. ჰიპოკრატე ასწავლიდა, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ავადმქოფს და არა ავადმყოფობას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებანი და გარე ფაქტორების გავლენა. შინაგან ფაქტორებად მიიჩნევდა მემკვიდრეობითობას, ადამიანის ფიზიკური (კონსტიტუცია) და სულიერი (ტემპერამენტი) თვისებების ერთობლიობას. გამოყო ადამიანის 4 ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. ჰიპოკრატე მიხვდა, რომ ეს ტიპები გარკვეული დაავადებებისადმი არიან განწყობილი. დაამუშავა ეტიოლოგიის საკითხები; მედიცინა გაათავისუფლა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან და განსაზღვრა მისი განვითარების დამოუკიდებელი გზა. ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა მკურნალობის ძირითადი პრინციპები (არ დააზიანო, სიფრთხილე გამოიჩინე წამლის გამოცვლისას და სხვ.). დღემდეა შემორჩენილი "ჰიპოკრატეს ფიცი", როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი. ჰიპოკრატეს "მედიცინის მამას" უწოდებენ.

wikipedia.org 

მედიცინის ისტორია

       თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა იმ სამედიცინო ცოდნის მეცნიერული ანალიზისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე. ნათქვამია, თუ არ იცი წარსული, შეუძლებელია გაიგო თანამედროვეობის ჭეშმარიტი აზრი და მომავლის მიზანი. მედიცინის ისტორია შეისწავლის სამედიცინო ცოდნის განვითარებას დასაბამიდან დღემდე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებთან მჭიდრო კავშირში, ასევე სამედიცინო სპეციალობების ჩამოყალიბებასა, ექიმებისა და მეცნიერი ექიმების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ წვლილს მედიცინის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში და მათი სკოლების სამეცნიერო მიღწევებს. მედიცინის ისტორია თავისი შინაარსით ღრმად ინტერნაციონალურია: მსოფლიოს ყველა ხალხს, მეტ-ნაკლებად, მიუძღვის წვლილი სამედიცინო ცოდნის განვითარებასა და თანამედროვე მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩამოყალბებაში. უძველესი ცივილიზაციების ისტორია არ შეიძლება გადმოცემული იყოს როგორც საკუთრივ ძველი რომის ან ძველი საბერძნეთის ისტორია, რადგან მონათმფლობელური წყობილების დროს ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყნებში შედიოდნენ სხვადასხვა ხალხები, რომლებითაც იმ დროისათვის დასახლებული იყო სამხრეთ-ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამგვარად, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის მედიცინის ისტორია ამავე დროს ეგვიპტის, ტუნისის, კვიპროსის, თურქეთის, სირიის, ლიბანის, ერაყის, ირანის, იორდანიის, ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების ისტორიაა. ძველ საბერძნეთში და ძველ რომში მედიცინის განვითარების ანალიზის საფუძველზე შეიძლება თვალყური ვადევნოთ კავშირს ამ ცივილიზაციების მიღწევებსა და სხვა რეგიონების კულტურებს შორის. მედიცინის ისტორიას პრაქტიკულად საქმე აქვს უსაზღვრო ემპირიულ მასალასთან, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ მრავალი ათასწლეულის მანძილზე. ყოველი ახალი ეპოქის მიღწევა მტკიცედაა დაფუძნებული წინამორბედი ეპოქების მიღწევებზე და წარმოადგენს მათ გაგრძელებასა და განვითარებას. მსოფლიო მედიცინის ისტორიის შესწავლას, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო ცოდნის ფორმირების მეცნიერულ ანალიზზე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი მსოფლმხედველობის, სოციალურ-ეკონომიური პოზიციის, საერთო და პროფესიული კულტურის ამაღლებისა და, საერთოდ, თანამედროვე მედიცინის განვითარებისათვის.